თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. გაიზრდება ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურის მუშაობის შედეგის შეჯამებისას განაცხადა. ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება.
მან წარმატება უსურვა მუნიციპალურ ინსპექციას, რომელიც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმის შედეგად შეიქმნა. კერძოდ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელწოდება 1 ოქტომბრიდან, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად შეეცვალა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა. მის მოვალეობებში შედის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოების და უნებართვო მშენებლობების კონტროლი, სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსლუატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა.
ასევე, სამსახური გააკონტროლებს უნებართვო გარევაჭრობას, სისუფთავეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, რეკლამის წესების აღსრულებას და ხმაურის ნორმების გადაჭარბების აღკვეთას.
თბილისის მერის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურში მანამდე 147 თანამშრომელი თუ მუშაობდა, ახლა მათი რიცხვი გაორმაგდა. გარდა ამისა, თანამშრომლებს გაეზარდათ ტექნიკური აღჭურვილობა , ხოლო მათი ავტოპარკი განახლდა.,
“იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად ვიზრუნებთ წესრიგზე და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.