„არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია“ – ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი

  •  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, ეს იგივეა, პრეზიდენტს  ჰოსპიტალიზაციაზე უარი რომ უთხრან.

„იუსტიციის მინისტრმა თქვა,  რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუმცა გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის  ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში და გადაიყვანენ მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. , ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა“ – აცხადებს საძაგლიშვილი.

მისივე შეფასებით, პრივილეგიას არავინ ითხოვს, ეს უბრალოდ სტანდარტია.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს კერძო კლინიკებთან და რუსთავის ამ დაწესებულებიდან პატიმარი ყოველთვის გადაჰყავთ კერძო კლინიკაში. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე პრივილეგიას ითხოვს, ესაა სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა“, – განმარტავს საძაგლიშვილი.

მსგავსი თემები