“ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საყურადღებოა” – ეკატერინე ტიკარაძე

ვიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და ეტაპობრივად ვგეგმავთ ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებს და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ეფექტური იქნება ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კახეთში განუცხადა, სადაც ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს.

„ვაქცინაციის მარათონი გრძელდება კახეთში. ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას, როგორც ადგილობრივები საუბრობენ, გარკვეული მიზეზები ჰქონდა და ეს იყო მოსავლის აღება, ასევე ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი საჭიროებდნენ. გააქტიურებული იქნა ოჯახის ექიმების როლი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რადგან მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ პროცესის ეფექტურად გამართვა ვერ მოხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ისეთ ქვეყნებში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, გარკვეული ნიშნულის მიღწევის შემდეგ შეექმნათ საკმაოდ დიდი პრობლემები, რათა ის მოქალაქეები, რომლებიც რეზისტენტულები არიან ვაქცინაციის პროცესის მიმართ, სხვადასხვა მეთოდით დაერწმუნებინათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და ეტაპობრივად ვგეგმავთ ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებს და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ეფექტური იქნება ვაქცინაციის გააქტიურებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.

„ამ მიმართულებით ჩვენ ვატარებთ ყველა შესაძლო ღონისძიებას. აღსრულების ნაწილში შრომითი ინსპექცია აქტიურად არის ჩართული, რათა მონიტორინგი გაუწიოს, თუ რამდენად სრულდება ის მოწოდებული რეგულაციები, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან არის მოწოდებული როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. ვაქცინაციის პროცესშიც არის კლება, რაც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრით იყო გაწერილი, ეს არის მოსახლეობის 40 პროცენტი. გვაქვს გარკვეული გრადაციები, სადაც ლიდერობენ თბილისი, აჭარა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ჩვენ არ გვაქვს ის ნიშნულები, როგორც თბილისსა და აჭარაში, სადაც დაახლოებით 70 პროცენტამდე არის ორი დოზით ვაქცინირებული. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რითაც ეფექტური გახდება ვაქცინაციის პროცესი და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინით ამ მიმართულებით ნოემბერში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები