საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეების დაცვის მიზნით მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვს. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით უკვე მიმართა. მისი განცხადებით, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იმ დონემდეა შესუსტებული, რომ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას საფრთხე ექმნება.
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში… საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლების და საკუთრების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას. მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი და არც კენჭს ვიყრი, არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ამიტომ ვაცხადებ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის: „გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარვსდგები მთავრობის წინაშე.“