გემი და ტრაილერი – როგორ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან? პროკურატურა დეტალებს ასაჯაროებს

  •  

გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში შემოსვლის  დეტალები გაასაჯაროვა. როგორც პროკურორმა განმარტა, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში უკრაინიდან, კერძოდ კი, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემს შემოჰყვა.

„აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ.

რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“ – განმარტეს პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.

„აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა.

ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით.

იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ სახლში.

29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა მის მეგობარს გ.ნ.-ს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გ.ნ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში.

29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში  სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ. ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცავებმა სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს“, – განმარტავენ პროკურატურაში.

მსგავსი თემები