“აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია” – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე, არავითარი საუბარი  ლოიდ ოსტინთან არ ყოფილა. 

პრემიერის თქით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

“სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას, ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია.

გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი რეგიონში და მოგეხსენებათ, იგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად დადასტურება ჩვენს შორის არსებული უმაღლესი დონის თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, ამერიკის ნდობის გამოცხადება ჩვენი მთავრობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შორის არსებულ ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გააფორმა ახალი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე გადაყვანას. შესაბამისად, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. მე მადლობა გადავუხადე თავდაცვის მდივანს და ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები