ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მე-16 დღეა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობენ

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნით შიმშილობენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ დაუდასტურა.

ხვიტიას თქმით, ფირცხალავა მე-16 დღეა, პროტესტს გამოხატავს და მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა მსჯავრდებული ჰოსპიტალიზებაზე უარს აცხადებს. მეუღლის თქმით, ირაკლი ფირცხალავამ მის ნახვაზეც უარი განაცხადა.

„არ შევხვედრილვარ, თუმცა ტელეფონზე ვესაუბრე. ესეც შეზღუდულია. მას თვეში მხოლოდ სამჯერ აქვს დარეკვის უფლება. უბრალოდ, ერთხელ შესული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი და მისგანაც მაქვს ინფორმაცია, ასევე შესული იყო ე.წ. სახაზინო ადვოკატი და ვიცი მდგომარეობა, რომ მე-16 დღეა, შიმშილობს, საკმაოდ დასუსტებულია და წონაში ძალიან დაიკლო, თითქმის 20 კილოგრამით. ჰქონდა ძალიან მძიმე ეპიზოდები, როდესაც სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაეცა და იყო ჰიპოგლიკემიური კომის საშიშროება. როგორც ვიცი, დღემდე სამედიცინო ჩარევასა და ჰოსპიტალიზებაზე უარს აცხადებს.

დამირეკა 4-ში და მითხრა, რომ მან და გიორგი ცააძემ დაიწყეს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა. ეს უკავშირდება იმ უსამართლობას, რაც მასთან და სასჯელთან არის კავშირში. სოლიდარობა და შინაგანი პროტესტი გამოხატა ერთდროულად. მის მიმართ ექიმები დიდ ყურადღებას იჩენენ, სთავაზობენ ჰოსპიტალიზებას, მაგალითად, გადასხმებს, მაგრამ ამ დრომდე უარს აცხადებს. გუშინ შევუთვალე, რომ მინდოდა პაემანი, მაგრამ მან უნდა ჩანიშნოს. ასე სპონტანურად ვერ მივალ. მქონდა სურვილი, რამდენჯერმე მივედი ციხეზე და არ შემიშვეს. თავად უარი განაცხადა. როგორც ჩანს, ისე გამოიყურება ვიზუალურად, ისედაც დასუსტებულია და თან შეექმნა პრობლემა ჯანმრთელობაზე ამ უსამართლობიდან და სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე. ისე გამოიყურება, თქვა, რომ არ მინდა მნახონო და ის ერთი პაემანი გადაცვალა სატელეფონო ზარში, ასეთი პრაქტიკა არის ციხეში“, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ.

მსგავსი თემები