“ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს – ოპოზიცია წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ” – არჩილ თალაკვაძე

ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს – ეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და აქ იმუშაონ პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “პრობლემაა ის, რომ ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია”.

“მეორე ტური მუნიციპალურ არჩევნებში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ უკვე მერვე არჩევნებია სოლიდურ მხარდაჭერას ვიღებთ ამომრჩევლისგან და მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა.

მჯერა, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად, რასაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან რიტორიკას, ეს ისევ და ისევ არის უპასუხისმგებლო მოტყუება საკუთარი ამომრჩევლის. როცა დამარცხდნენ ისინი საპარლამენტო არჩევნებში, გახსოვთ, რომ ვერ უთხრეს საკუთარ ამომრჩეველს სიმართლე, ვერ უთხრეს პირდაპირ, რომ დამარცხდნენ, მოუფიქრეს 7 – თვიანი საბოტაჟი სახელმწიფოს და პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც მათივე მარცხით დასრულდა. დღეს, როცა ამ რიტორიკით თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ დაბალი შედეგი აჩვენა ოპოზიციის ამ რადიკალურმა ფრთამ, მათ ისევ უჭირთ საკუთარ ამომრჩეველს უთხრან სიმართლე. ეს არის უპასუხისმგებლობის პრობლემა ოპოზიციაში, მათ უჭირთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჩვენება და მხარდამჭერებისთვის სიმართლის თქმა. სიმართლე გახლავთ ის, რომ მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა დამაჯერებლად “ქართულმა ოცნებამ” და რადიკალური ოპოზიცია დამარცხდა ამ არჩევნებში,”- განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები