„ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ – მიხეილ სააკაშვილის წერილი

მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მორიგი წერილით მიმართა. როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, ის უკანონო პატიმარია.  

„ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ.

კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას, არასოდეს დაუყენებია პროგრესის გზაზე ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი, 30-ში ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ. ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა, ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. აბა თქვენ იცით, თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით“, – წერს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს ნიკა გვარამიამ გააცნო.

მსგავსი თემები