„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

  •  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მორიგი წერილით მიესალმა. სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს ნიკა გვარამიამ წაუკითხა.

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ.

ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი. რატომ ვარ დღეს საქართველოში. მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემს ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, როგორ მასობრივად გარბის ჩემი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან.

ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევია. ამიტომაც ვარ აქ. აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგე ივანიშვილს რეჟიმს, რომელიც პუტინის რეჟიმში მიათრევს ჩვენს სამშობლოს. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და ყველამ ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის „ოცნებამ“ მოიტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ციხეში მყოფნი და თავისუფლებაზე მყოფნი“, – წერს მესამე პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი თემები