„სრულიად საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას შეეწიოს ძალა და მადლი სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა“ – ჯემალ გამახარია

  •  

„შეგვეწიოს ძალა და მადლი „სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა“ და სიყვარულით, გონივრული მოქმედებით შეგვაძლებინოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, მისი კეთილდღეობის განმტკიცება“ – აცხადებს ჯემალ გამახარია სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს სრულიად საქართველოს, ენგურსგაღმა  და  გამოღმა  მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთ, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს სვეტიცხოვლობას, უფლის კვართის დღესასწაულს, მცხეთობას და ჯანმრთელობასთან ერთად, თითოეულს მშვიდობით, შერიგებით, ღვთიური ურთიერთსიყვარულით გაერთიანებულ საქართველოში მოღვაწეობას უსურვებს.

„აღსანიშნავია, რომ ეს დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს აღდგა, როგორც  ჩვენი ქრისტიანული სამშობლოს გამორჩეული ისტორიის მანიშნებელი სიმბოლო და ნიშანსვეტი. მას შემდეგ 14 ოქტომბერი ოფიციალურად უქმე დღედ  არის გამოცხადებული. მართლმადიდებელი მრევლი ცდილობს ამ დღეს უფლისადმი მადლიერება მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი ლოცვა-ვედრებით გამოხატოს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან გადმოცემის თანახმად, სწორედ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია იესო ქრისტეს კვართი დაფლული. სრულიად საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას შეეწიოს ძალა და მადლი „სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“, მფარველობა უფლისა: სიკეთით, სიყვარულით, საღი გონებით და აზრიანი მოქმედებით შეგვაძლებინოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, მისი სუვერენიტეტის, კეთილდღეობის განმტკიცება“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები