„მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ახალი ეპოქა“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გამოვიდა. როგორც მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მეუფემ განაცხადა,  ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე.    

როგორც მეუფე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა და „დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.

„ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს. რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი – ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე“ – განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან. 

მისივე შეფასებით, მისატევებელი საკმაოდ ბევრის და ეს 90-იანი წლებიდან მოდის.

„მძიმე 90-იანი წლებიდან დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს. ვუთხარი ბატონ მიხეილს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ანგარიშსწორება არ იქნება პერსპექტიული. მე ეს ვთხოვე ბატონ მიხეილს და მან თავის მიმართვაში ჩაწერა, რაც იმედი მაქვს, გამოქვეყნდება. მინდა თქვენც მოგიწოდოთ, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან.

მსგავსი თემები