“ლოიდ ოსტინის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს” – თავდაცვის სამინისტრო

  •  

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში დაანონსებულ ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მასში ნათქვამია, რომ ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს. 

“პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის დაანონსების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა, რაც ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს.

აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად. 

ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ბატონმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.  

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას.” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მსგავსი თემები