„ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს“ – ვიცე-მერი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიშენება-დაშენებების თუ უნებართვო მშენებლობების საკითხი კანონმდებლობით დარეგულირებულია, თუმცა, არ გამორიცხავს, საკანონმდებლო რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„მიშენება თუ დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა აკრძალული და დაუშვებელია. ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, „ცხელ ხაზზე“ შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებას და ასევე, მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ახდენს. ამის შემდეგ გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება ხდება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, სამშენებლო რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.

„სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით მუდმივად ხდება გარკვეული ცვლილებების განხორციელება. მოგვიწევს გარკვეული ცვლილების შეტანა. ის, რონ  დღეს დარღვევები მივიღეთ და ამას ვეღარ ვასწორებთ, ამას თვალებში შევხედეთ და ვაპატიეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოვიღეთ. კარგად გავაცნობიერეთ, რომ 5 ათასი, 10 ათასი ან ხშირ შემთხვევაში, 50 ათას ლარიანი ჯარიმა ვერ ახდენს დარღვევის პრევენციას. ამიტომაც შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, 365 ავარიული შენობის გამაგრება მოახდინა მუნიციპალიტეტმა 4-5 წლის განმავლობაში.  

მსგავსი თემები