საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ “შავი წერტილების” პრობლემა მძღოლების დაჯარიმებით ვერ მოგვარდება. საჭიროა ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზი, რაშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხშირად არ არის კომპეტენტურნი. მხოლოდ სქემის შედგენა, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დამნაშავის გამოვლენა და დაჯარიმება, რასაც დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების აკეთებენ, საკმარისი არ არის. საჭიროა არსებობდეს ცალკე სამსახური, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებს კომპლექსურად შეისწავლის.
მისივე თქმით, დღემდე არ არსებობს სტატისტიკა, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების რა რაოდენობა ხდება ავტომობილის გაუმართაობის გამო.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქტიურად მუშაობა, რომ გვქონდეს ზუსტი სტატისტიკა, თუმცა ჯერ კიდევ არ გაქვს სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების რა რაოდენობა ხდება ავტომობილის გაუმართაობის გამო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ გადიან ამისთვის სპეციალურ მომზადებას, სქემის შედგენის გარდა, ისინი ადგენენ ვინ არის მტყუან-მართალი, მათ გამოაქვთ საბოლოო განაჩენი, არადა რეალურად ამას სჭირდება სხვადასხვა სამსახურები, თუ რამ გამოიწვია ავარია. საპატრულო პოლიციას ბევრ ტვირთს ვკიდებთ. ეს მათი ბრალი არ არის, ამას სჭირდება ცალკე სამსახური”, – განაცხადა მევლუდ მელაძე “მთავარში” სტუმრობისას.
მისივე თქმით, თბილისში და ზოგადად ქვეყანაში პრობლემაა ე.წ. შავი წერტილები, ანუ ადგილები, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ამ თვალსაზრისით თბილისში, ერთ-ერთი რთული ადგილია მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც დაშვებულია მაღალი სიჩქარით მოძრაობა და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც.
“აქაც ისევ პრობლემაა განათლება, მინიმუმ უნდა იპოვო გამომწვევი მიზეზები. თბილისში სანაპიროზე რთული საგზაო შემთხვევები ხდება, იმიტომ, რომ სიჩქარე გაცილებით მაღალია, ხშირად ავტომობილები შემხვედრ ზოლზე გადადიან, მარჯვენა მხრიდან ახორციელებენ გასწრების მანევრს და ა.შ, რის გამოც ხშირად ფატალური შედეგი დგება”, – აცხადებს მევლუდ მელაძე.
მისივე თქმით, შავი წერტილების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ქვეითიც, მძღოლიც და არასწორი ინფრასტრუქტურაც. ქვეითი შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, თუმცა, მაღალია მძღოლის ფაქტორი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობს და ვერ ასწრებს მანევრირებას.