თბილისის 186 ბაგა-ბაღიდან 55 დაიკეტა – ვირუსის გავრცელების გამო, თბილისსა და რეგიონებში საგანმანათლებლო დაწესებულებები იხურება

ვირუსის გავრცელების გამო, თბილისსა და რეგიონებში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო რამდენიმე დაწესებულება დაიხურა – COVID-19 უდასტურდებათ მასწავლებლებსა და ბავშვებს.

თბილისში არსებული 186 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღიდან, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, 55 ბაგა-ბაღი დაკეტილია. ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავენ კახეთის რეგიონის ზოგიერთ სკოლაში.

“რიგ სკოლებში დასწრების მაჩვენებელი არის დაბალი. იმის გამო, რომ კოვიდსიტუაცია ზოგიერთ სოფელში არის საფრთხის შემცველი მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის, ასეთია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის და ახაშნის საჯარო სკოლები, ქალაქ გურჯაანის #1 საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლებიდან და მშობელთა მომართვიანობის საფუძველზე, შესაძლოა სამინისტროს მივმართოთ, ეს სკოლები სწავლების სრულ ონლაინ მოდელზე გადავიდეს,”- აცხადებს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი.

მსგავსი თემები