გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კორპუსს საყრდენი გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც გამოძიებით ირკვევა, მათ მოშალეს როგორც არამზიდი, ისე მზიდი კედლები, რითაც  საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა და მოხდა ჩამონგრევა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს – ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.

2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა – ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება“, – ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.  

მსგავსი თემები