საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მატების თვალსაზრისით ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა გზებით ცდილობს პრევენციას, “ცალკეულ კერიებს აქრობს, მაგრამ ხანძარი მაინც მძვინვარებს”.
როგორც მევლუდ მელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მდგომარეობა არ შეიცვლება, თუ მოქალაქეებს არ ექნებათ სათანადო განათლება, რომელიც ბაგა-ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა შეიძინონ.
“ავტოსაგზაო შემთხვევების მატება მაინც სახეზეა, ცალკეულ კერებს აქრობენ, მაგრამ გლობალურად ხანძარი მაინც მძვინვარებს. ვერაფერს შევცლით თუ არ გვექნება სათანადო განათლება. ბოლოს მაინც განათლებასთან მივდივართ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც საზოგადოებიდან წამოსული ადამიანები არიან და მათთვისაც ბუნებრივია რიგი დარღვევები, როგორც დანარჩენი მოქალაქეებისთვის. შუქნიშნების განთავსებას თუ გზების მოწყობას, ამასაც სჭირდება ცოდნა, ჯამში ჩვენ გვაქვს პრობლემა ცოდნასთან”, – აცხადებს მევლუდ მელაძე.
მისივე თქმით, ყველა ადამიანი არის საგზაო მოძრაობის მონაწილე, უნდა ეს მას თუ არა. ხშირად ქვეითი, ისევე სცოდავს, როგორც მძღოლი.