საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრები ბოლომდე ბრძოლას ურჩევენ და გვერდით უდგანან. აღნიშნული გზავნილი რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მამამ და ძმამ გააჟღერა.
„მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე!“- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან.
მანამდე კი ნიკოლოზ სააკაშვილი საკუთარ შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რადგანაც ეს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.
„სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა – შენ ჩემი ხასიათი და მიზანსწრაფვა იცი, მე გავალ ბოლომდე. ამიტომ, მივმართავ კიდევ ერთხელ: მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე“,- აღნიშნა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ანალოგიური პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილის ძმასაც, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-9 დღეა შიმშილობს.