რამდენიმე დღის წინ, რეინჯერებმა, პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს. ბრაკონიერებს არჩვი გატყავებული გადაჰქონდათ. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გადამოწმების მიზნით, გააჩერეს მოქალაქეები, რომლებიც ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აღმოჩნდნენ. მათ ჰქონდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი.
“ შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს”, – ვკითხულობთ ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა.