“ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში” – ვახტანგ გომელაური

აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს პირადად გაეცნო.

ვახტანგ გომელაურმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ პოლიცია, მაშველები და მუნიციპალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ადამიანები უსაფრთხოდ იქნენ ნანგრევებიდან ამოყვანილი.

„რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან.

სამაშველო ღონისძიებაში ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული.

მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო დავაშაოთ და უფრო ცუდი მოხდეს.

ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ნანგრევებიდან ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები