„უნდა ვიყოთ შეტევაზე“ – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და  მხარდამჭერებს აქციისთვის მზადებისკენ მოუწოდებს.

„ახლა ყველგან, სადაც მეორე ტურია, ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე და არა მხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარებიც. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის, ყველგან კარგავს უმრავლესობას.

ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის. მე სატუსაღოში, ყოველწუთიერად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამ ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს. მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

პ.ს. და კიდევ ერთი – ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს-ი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორირებელი. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან, აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში, გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, – წერს მიხელ სააკაშვილი მიმართვაში.

მსგავსი თემები