რუსეთში შესაძლოა ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაცია დაიწყონ

რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო ითხოვს, დაიწყოს ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაცია სამედიცინო მიზნებისთვის. შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის მთავრობას უკვე გადაეცა.

როგორც ТАСС -ი იტყობინება, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებისა და სხვა პრეპარატების დასამზადებლად ამჟამად რუსეთი, ნედლეულის 100 %-ს ყიდულობს იმ ქვეყნებისგან, სადაც ამ მცენარის მოყვანა არ იკრძალება.

​ვაჭრობის სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო. კანონპროექტის ავტორთა აზრით, მცენარის მოყვანაზე სახელმწიფო მონოპოლია უნდა განხორციელდეს. დოკუმენტში მითითებულია ასევე, თუ ყაყაჩოს კონკრეტულად რომელი სახეობების კულტივაციაა საჭირო.

იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს მიიღებენ, სამედიცინო პრეპარატებისთვის ნედლეულის იმპორტზე უარის თქმას რუსეთი უკვე 2019 წლისთვის შეძლებს.

ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა რუსეთში 1987 წლიდან არის აკრძალული. 2018 წლის მარტში, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ მთავრობაში ანალოგიური კანონპროექტი შეიტანა. უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტი შეთანხმებულია ქვეყნის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, საგარეო, შინაგან საქმეთა და სხვა სამინისტროებთან.

 

მსგავსი თემები