“სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება – ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8 პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი (1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.3 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-2.3 პროცენტი)“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

მსგავსი თემები