„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

არჩევნების დასრულებამდე და საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათით ადრე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე „ნაციონალური მოძრაობის“ რეფერენდუმია.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. ამ მომენტისთვის, არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისევე შეფასებით, საჭიროა მეტი აქტიურობა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გამყარდეს.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე. სულ რაღაც სამი საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე, ამიტომ მინდა ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ბოლომდე მტკიცედ მივიყვანოთ ეს დარჩენილი დროც, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თითოეული ჩვენგანის საერთო გამარჯვებაში. ბოლოს მე მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები