15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18 პროცენტია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ცესკოს პრეს-სპიკერმა გააკეთა.

„კენჭისყრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები 08:00 საათზე გაიხსნა. მხოლოდ 10-15 წუთის დაგვიანებით გაიხსნა სულ 9 უბანი საქართველოს მასშტაბით (მთაწმინდა 1 უბანი, კრწანისი 2 უბანი, ვაკე 3 უბანი, დედოფლისწყარო 1 უბანი, ხობი 1 უბანი, მარტვილი 1 უბანი), რაც დამეთანხმებით, ვერანაირად ვერ იქნება 3664 უბნის 24.3% პროცენტი.  ზუგდიდის # 90-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა“. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაციაც და გაცნობებთ, რომ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდა ხელს, ისინი ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უღებდნენ ფოტოს. ზემოაღნიშნულის გამო, კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა ისინი, თუმცა მოგვიანებით მოუხდა მათი უბნიდან გაძევება. მადლობა ყურადღებისთვის. გაცნობებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება 18:00 სთ-ზე და წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 სთ-ის მდგომარეობით“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.

მსგავსი თემები