“საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა და ა.შ. ეს უნდა დაიცვას ყველამ” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა “ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ყველას შეახსენა, რომ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაცია, ამ პერიმეტრის გარეთ კი კანონის ფარგლებში, ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ელექტორატის მობილიზება, არ არის კანონდარღვევა.

“ერთი რამ მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო, თქვენთვის – ჟურნალისტების და ნებისმიერი იმ ადამიანის გასაგონად, ვისაც მართლა გულწრფელად შეიძლება ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს.

დადგენილია იმ უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შესაბამისი სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა და ა.შ. ეს უნდა დაიცვას ყველამ.

ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ეს ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ჩვენი წარმომადგენელი თუ სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი თუ მხარდამჭერი, 100 მეტრის რადიუსი დაიცვან მკაცრად.

მაგრამ, 100 მეტრის რადიუსის გარეთ მათ შეუძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერი მოქმედება, რა თქმა უნდა კანონიერი. თქვენ წარმოიდგინეთ, აგიტაციაც კი რომ გასწიონ, სულ რომ ვთქვათ პარტიული მაისურებით იყვნენ, 100 მეტრის რადიუსის გარეთ – ეს დარღვევა არ არის,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები