„ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრემიერი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში აირჩნენ ყველაზე ღირსეული კანდიდატები მერებად და საკრებულოს წევრებად. შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. დღეს დილის 8 საათზე საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად გაიხსნა და საარჩევნო პროცედურები რაიმე არსებითი ხარვეზის გარეშე წარიმართა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთმინებით შეხვდნენ. ნუ მივცემთ პროვოკატორებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

ასევე, მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილ ტელევიზიებს, მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციის წინააღმდეგ, ნუ შეეცდებიან ხელოვნური აჟიოტაჟით შექმნან ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. დარწმუნებული ვართ, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართული საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“ – აცხადებს ღარიბაშვილი.  

მსგავსი თემები