„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან“ – „ქართული ოცნების“ ბრიფინგი

„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან“ – ასე დაიწყო დღევანდელი ბრიფინგი „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. აღნიშნულით ის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, რომელიც მისივე თქმით, ბათუმში ჩაწერა.

„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან. დღეს 1 ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის. პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად:

„საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების ნაწილი გამრავალფეროვნდა და მასში ახლა 9 პარტია თანაბრად არის წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს კომისიებში პარტიების ურთიერთკონტროლს;  საუბნო საარჩევნო კომისიის 29 000 პროფესიული წევრიდან 99.9 % არჩეულ იქნა ოპოზიციის მონაწილეობით, რაც ადასტურებს საარჩევნო კომისიის მიმართ მრავალპარტიულ ნდობას;  დაწესდა უბნებთან 100 მეტრიანი პერიმეტრი სადაც აკრძალულია მოქალაქეთა შეკრება, რაც უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს;  მოხდება უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა, რაც დათვლის შედეგების კონტროლთან ერთად, უზრუნველყოფს დარღვევების პრევენციას.

განხორციელდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ვიდეო-ფაილების ინტერნეტში ღია წვდომისთვის ატვირთვა, რაც ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს ნებისმიერი უბნის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით გადათვლის შესაძლებლობას;  თბილისში, კრწანისის რაიონში, პილოტირებას გაივლის ბიულეტენების ელექტრონული მთვლელები, რაც სამომავლოდ, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლის მნიშვნელოვანი ეტაპია; – და კიდევ ბევრი სხვა ცვლილება, რომელიც არავის მისცემს ამ არჩევნების შედეგების დისკრედიტირების შანსს.
დღეს, ჩვენ გვსურს, კიდევ ერთი სიახლე წარმოგიდგინოთ, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე მოსახლეობას შესთავაზებს და ამ სახით ის უპრეცედენტო იქნება“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე წარადგინა ახალი საარჩევნო პორტალი elections2021.ge, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

მსგავსი თემები