“მე გამოვიყვანე ავტომობილი და დილამდე იქ მეძინა“ – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გამოკითხვის შესახებ (ვიდეო)

„არის 24 საათიანი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ავტომობილი დილის 7-ის ნახევარზე გამოდის ადგილიდან,“ – ამის შესახებ  „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ინტერესების დამცველმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

გიორგი ფოფხაძე დეტალურად აღწერს იმ მარშრუტს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის ღამეს გადაადგილდებოდა. მისივე ინფორმაციით, ბარბაქაძეს შაქარაშვილი ჩხუბის დროს არ უნახავს.

„ბარბაქაძე საკუთარი “ბმვ”-თი მიდის დაბადების დღეზე. დაბადების დღეზე ხდება ჩხუბი “ნახალოვკელებსა” და “საბურთალოელებს” შორის. საბურთალოელებმა სცემეს ნახალოვკელები. ბარბაქაძე გამოიქცა ტატიაშვილთან ერთად ტატიაშვილის მერსედესით, ჩამოვიდნენ თბილისში. ბარბაქაძემ თავისი მანქანა დატოვა დაბადების დღეზე და იქ დარჩა თავისი ორი მეგობარიც. ბარბაქაძე თბილისში რომ ჩავიდა მეგობრები უკრეკავენ ჩაგვიყვანე ჩვენც თბილისშიო და ამის მერე ბრუნდებიან უკან და უკანა გზაზე რომ მოდიან, დაინახეს მცხეთის ხიდზე საბურთალოელები და გააჩერეს მანქანაა, სადაც დაიწყო ჩხუბი” – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”

ამის შემდეგ, ადვოკატის მტკიცებით, ბარბაქაძე ბრუნდება იქ, სადაც დაბადების დღე იყო და სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული. რაც შეეხება დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბს, ადვოკატი ასე აღწერს:

“დაბადების დღეზე მოხდა დაპირისპირება. როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გაიგო ხმა, გამოვიდა ეზოში “გაახოხეს” მიწაზე, არ ვიცი ვინ, ურტყამდნენ მის მეგობრებსაც”.  

კითხვაზე, ბარბაქაძე მეორე დილამდე სახლში არ დაბრუნებულა, სად იყო ის? ადვოკატმა ასე უპასუხა: “დილამდე რადგან არ დაბრუნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შაქარაშვილთან ჰქონდა შეხება. ის იყო ნასვამი და მთელი ღამე გაატარა საკუთარ ავტომანქანაში. როცა გათენდა და გამოფხიზლდა, დაბრუნდა თბილისში. ვიდეოკადრების  ჩანაწერში ჩანს, რომ დილის 7 – ის ნახევრამდე ეს მანქანა არსად არ გადაადგილდება”, – ანაცხადა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები