ხორავას ქუჩის ტრაგედიის მიზეზი სუბელიანის შვილის ჩაგვრა გახდა – თბილისის ყოფილი პროკურორი 

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის წევრები, 7 თვის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თბილისის ყოფილი პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს უსმენენ.

ყოფილი პროკურორის ინფორმაციით, პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანი მასთან კაბინეტში პირადად მივიდა და უთხრა, რომ N 51-ე სკოლასთან მომხდარი უბედურება მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა. მისმა შვილმა, ჩაგვრის შემდეგ დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივ წაიყვანა მეგობრები, რომლებიც შეიკრიბნენ სადღაც ქუჩაზე და მოხდა უბედურება.

როგორც შაყულაშვილი აცხადებს, მოკლული ლევან დადუნაშვილი, მისი შვილის კლასელი და მეგობარი იყო. ხოლო მირზა სუბელიანს შორიდან, მისალმების დონეზე იცნობდა. პირველი დეკემბრის ტრაგედიის შემდეგ კი, სუბელიანი მასთან პირადად მივიდა და რჩევა ჰკითხა.

“სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა. ამის შემდეგ პირდაპირ ვეკითხები – მირზა, შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული თუ არა? ვის ეჭირა დანა? მან კი მიპასუხა, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო, ხოლო ვინ იხმარა დანა არ ვიციო. ვხდები, რომ აღარ აქვს კითხვების დასმას აზრი და ვუთხარი – მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში, ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მირზა სუბელიანს მისთვის აღარაფერი უთქვამს, გავიდა ოთახიდან და დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა.

როგორც თბილისის ყოფილი პროკურორი ამბობს, მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ მან, მაშინდელ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეატყობინა და სუბელიანის მონაყოლის შინაარსი გადასცა. ასევე, კურატორ მოადგილე ჩააყენა საქმის კურსში, რომ სუბელიანი პოლიციაში გავგზავნე და თავის მოადგილე გიორგი გაბოძეს დაავალა გაეკონტროლებინა სუბელიანის შვილისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება.

“დავურეკე ასევე ჩემს მოადგილეს, ამის შემდეგ დავურეკე ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ დაკითხვა გაეკონტროლებინა. ამის შემდეგ სუბელიანთან კონტაქტი აღარ მქონია. მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მივულოცე“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

მსგავსი თემები