ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

​საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას ტოვებს და იმედოვნებს, რომ პროექტები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად შეიქმნა, ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ქვეყანას.

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ ქევხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.   

“ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს, როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამე თუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე, მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი. 

დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით, ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას”, – წერს დავით ქევხიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები