“ძალიან ჭყინტი ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის” – ლევან გოგიჩაიშვლი კანდიდატს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, არ აქვს ამ ეტაპზე ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა უზენაეს სასამართლოში მოსამართლე გახდეს. 

დეპუტატის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი 10-15 წლის შემდეგ შეუძლია გამოთქვას. 

„თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდით კანცელარიაში, შემდეგ ხდებით მოსამართლე და სამი წელიც არ არის გასული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გაქვთ. ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეტყვის, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე სამი წლით დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თქვენ ფაქტობრივად კანცელარიაში გაქვთ გატარებული დრო თანაშემწედ, სავარაუდოდ, კლანის წევრის რომელიმე თანაშემწე იყავით, და არ გაქვთ ცხოვრების გამოცდილება. ეს იმას არ გამორიცხავდა, რომ 10 და 15 წლის შემდეგ გეცადათ თქვენი თავი ამ თანამდებობაზე.“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები