ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები არათანაბარ პირობებში არიან – მარიამ შელეგია 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები, კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან და მაღალია იმის ალბათობა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ ჟვანია აირჩიონ.

კანონში არსებული ხარვეზების შესახებ მარიამ შელეგიამ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო კაზუსია, როცა ცესკო-ს წევრს პარლამენტი ირჩევს, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარეს კომისიის 12 წევრი.

მისივე შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს, როგორც არჩევითი ორგანოს ერთ-ერთ მთავარ პირს.

“ცესკო-ს თავმჯდომარეს ირჩევს თვითონ ის 12 წევრი, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდნენ. ამიტომ ცოტა არათანაბარ პირობებში არიან სხვა კანდიდატები და მოქმედ თავმჯდომარე. თამარ ჟვანიას, ასევე, შეუძლია თავის თავს მისცეს ხმა. წლების განმავლობაში არჩევნებმა დაგვანახა, რომ არის ძალიან ბევრი ღია ხვრელი. უნდა შეიცვალოს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის სისტემა, რათა მისი ლეგიტიმაცია მაღალი იყოს. ცოტა რთულია ამ ვითარებაში იფიქრო იმაზე, თუ რა იქნება მომავალში. რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან 5-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს და საერთოდ, თვითონ ცესკო-ს განწყობა არჩევნების მიმართ არის ერთიანი, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღება”, – აცხადებს მარიამ შელეგია.

მსგავსი თემები