„ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ“ – აკა მორჩილაძე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომლის საპატიო სტუმარს წელს საქართველო წარმოადგენს, ამაღელვებელი, ემოციური, პატრიოტული და საინტერესო გამოსვლა ჰქონდა აკა მორჩილაძეს, რომელმაც  მთელს მსოფლიოს მიმართა და საქართველოს უნიკალურობა რამდენიმეწუთიან გამოსვლაში ჩაატია.

მწერლის შეფასებით, დიდი ფუფუნებაა, როდესაც ერს აქვს საკუთარი ანბანი. უპირატესობაა, როდესაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები თარგმნიდნენ სხვის წიგნებს, ხოლო “ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ”.

მისივე თქმით, არსებობს დავიწყებული კულტურები. არსებობს ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათდამი მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის ხოლმე.

“მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეს შორის, არსებობენ ძველი, ან დღევანდელი სამყაროსთვის სრულიად უცნობი ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით, მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე… საერთოდ, სიმართლე გითხრათ, ეს ბედნიერებაა, რომ ასეთ კულტურას წარმოადგენ, და შეგიძლია ამაზე თქვა ორი სიტყვა, განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ ორი სიტყვა..
ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ჩვენი ანბანი, რომელზეც ჩვენ ბევრს ვლაპრაკობთ და ამით ვწერდით ჩვენ წიგნებს, ქართველები. მე მაქვს ჩემი შეხედულება, სრულიად არამეცნიერული ჩვენ ანბანთან დაკავშირებით. არის ფუფუნება ასეთი რამ რომ გაქვს ერს… თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ, ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით და ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა. ჩვენ ვკითხულობთ თქვენსას ყველაფერს და თქვენ არ კითხულობეთ ჩვენსას არაფერს…”, – განაცხადა აკა მორჩილაძემ.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული გაიხსნა. უნიკალური ხელნაწერი “ვეფხისტყაოსანი”, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, სწორედ წიგნის ბაზრობაზე გამოიფინა, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

აღსანიშნავია, რომ 9-14 ოქტომბერს, ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იმართება.  წელს საქართველო წარმოდგენილია საპატიო სტუმარი ქვეყანის სტატუსით.  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი თემები