“ჩემი რესურსი „ქართული ოცნებაში“ იწურებოდა – გედევან ფოფხაძე წავიდა

დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისი რესურსი “ქართულ ოცნებაში” ამოწურულია და მისი დარჩენა პარტიაში არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა.

როგორც ფოფხაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, მან პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელს გასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებით პარასკევს მიმართა.

„გასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებით მივმართე, როგორც თვითონ პოლიტიკურ მოძრაობა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელ არჩილ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ ფრაქციას. შესაბამისად, ყველა ეს გადაწყვეტილება რეგისტრირებულია. ჩემი პოზიცია იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ დამიფიქსირებია და აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა. ახლა, უკვე მგონია, რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა. უფრო, უნდა დასმულიყო კითხვა – რატომ რჩები „ქართულ ოცნებაში“, ვიდრე, რატომ წამოხვედი „ქართული ოცნებიდან“ – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ ბრიფინგზე.

მან 2 ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც, მისი გუნდში დარჩენა გაუმართლებელი იყო: „ერთი, თუ შენ არსებითად, იდეოლოგიურ, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება-არგაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ და მეორე, როდესაც შენ შეიძლება, გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს მათი გამოხატვის საშუალება იქ, სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკაოს. კიდევ შეიძლებოდა, პირველი დამეძლია, დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მაინც მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი გულწრფელი და ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე, ვის წინაშეც რეალურად მაქვს ვალდებულება. მაგრამ, მეორე გამორიცხავს შესაძლებლობას, იყო იქ, სადაც უბრალოდ გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა იალაპარაკებ იმაზე, რასაც ფიქრობ, უნდა წახვიდე. მგონია, რომ ეს თავისთავად, საკითხის არასწორად დაყენებაა და როდესაც ძალიან დიდი უმრავლესობა ჰყავს პოლიტიკურ გუნდს, არ აქვს ასეთი ფუფუნება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაასაიდუმლოოს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები