“შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა არის დარეგისტრირებული შემოწმების თაობაზე” – ბექა ფერაძე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა არის დარეგისტრირებული შემოწმების თაობაზე.

„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა შემოწმების თაობაზე. შრომის ინსპექცია არის ძირითადი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს, ასევე ჩართული გვყავს ადგილობრივი საზედამხედველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში და სურსათის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო ასევე, გვეხმარება ინსპექტირების პროცესში. ამიტომ, საკმარისზე მეტი არის ინსპექტორების რაოდენობა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენენ შემოწმებას.

განაცხადები შემოსულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრაციიდან დაახლოებით ორ დღეში მოხდება ინსპექტირების განხორციელება თითოეულ ობიექტზე და თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, დაუყოვნებლივ მიიღებენ მუშაობის უფლებას. იმავე სისტემაში, სადაც რეგისტრირდებიან მიენიჭებათ სტატუსი დადებითი, რაც აძლევთ მათ უკვე მუშაობის უფლებას“, – აცხადებს ბექას ფერაძე.

მისივე თქმით, აუზებთან დაკავშირებით, დღესაც ჰქონდათ კონსულტაციები.

„მათ ჰქონდათ რამდენიმე გამოწვევა, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ეს შეეხებოდა წყლით განახლებას,  იყო 10 პროცენტი ყოველ 12 საათში. გავითვალისწინეთ მოთხოვნა და ახლა უკვე ხუთი პროცენტით განახლება მოხდება წყლის 24 საათის განმავლობაში, თუმცა ლაბორატორიული კვლევები კოვიდ ბაქტერიებზე, ყოველდღიური სინჯების აღება, ასევე ყოველ 10 დღეში ერთხელ ლაბორატორიული კვლევების განხორციელება არის მოთხოვნა და იმ შემთხვევაში, თუ იქნება სტანდარტიდან გადახრა ოდნავიც კი, უნდა მოხდეს სრული ლაბორატორიული კვლევები. ამიტომ, ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული. რაც შეეხება სანქცირების ნაწილს, დღეის მონაცემებით, როგორც მოგეხსენებათ ეს არის იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევა, თუ რომელიმე ბიზნესი, მეწარმე არ დაიცავს სტანდარტებს, შესაბამისად სანქცირების მექანიზმი შეადგენს 10 000 ლარს“, – აცხადებს ბექა ფერაძე.

ამასთან, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება.

„თუმცა, ამასთანავე ვაანონსებთ, რომ უახლოეს პერიოდში ალბათ, იქნება საბჭოზე მსჯელობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, დღეის მდგომარეობით, არის აკრძალული“, – აცხადებს ბექა ფერაძე.

მსგავსი თემები