„შაქარაშვილის საქმის გახსნა დაკავებულთა ალაპარაკებაზე არ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, ნივთიერი მტკიცებულებები რას ამბობს“ – ექსპერტი  

კრიმინალისტიკური ექსპერტის, ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის გახსნა დამოკიდებული არ არის მხოლოდ მოწმეების ჩვენებებზე. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მოწმეები სხვადასხვა ჩვენებას იძლევიან, თუმცა, მთავარია, რას იტყვის ნივთიერი მტკიცებულებები.     

კითხვაზე: საქმეში შემოვიდა განზრახ მკვლელობის მუხლი, დაკავებულია 17 ადამიანი, როგორც უნდა მოხდეს დიფერენცირება – ვინ განზრახ მკველობის მუხლით და ვინ ძალადობის მუხლით, როცა დაკავებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ექსპერტის პასუხი შემდეგია:

„ბატონმა მირიანმა განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით საუბარია 6 პიროვნებაზე, რომლებიც „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში იყვნენ. შესაბამისად, წრე შემცირდა და სავარაუდო ეჭვმიტანილი ამ მუხლით გამოძიებისთვის არსებობს. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ექვსიდან, შესაძლოა, ყველა არ მონაწილეობდა, ამიტომ ექპერტიზამ, რასაც კომპლექსური ექსპერტიზა ჰქვია, უნდა დაადგინოს უშუალოდ ვინ მონაწილეობდა ამაში. ეს მხოლოდ ჩვენებებით არ ხდება. ჩვენებებს უნდა ახლდეს მტკიცებულებები, რომელიც ამ ჩვენებებს ან ამყარებს ან აბათილებს. ასევე მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები. მოწმეებმა სხვადასხვა ჩვენება მისცეს. ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევით, ეს ჩვენებები უნდა ემთხვეოდეს მტკიცებულების ან არ უნდა ემთხვეოდეს. ეს არის ჭეშმარიტების დადგენა – როცა ჩვენება სხვა რამეს ამბობს, საგნები კი სხვა რამეს“ – განუცხადა ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარს.“  

მსგავსი თემები