“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო გუნდის გარკვეულ წევრებს არაჯანსაღ ქმედებებში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო საკუთარი გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასა და არაგუნდურ ქმედებებზე საუბრობს. პოლიტსაბჭო მოსამართლეთა უვადო გამწესების თემაზე სამჯელოდ დღეს შეიკრიბა. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაში ვკითხულბთ, გუნდის მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, გუნდის წევრების მხრიდან, პროცესები არაჯანსაღად გრძელდება.

„დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე ჩატარდება მათი არჩევა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი მიდგომისა, აღნიშნული დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს. პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული“, -ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

მათივე შეფასებით, აღნიშნული, ე.წ. ეკა ბესელიას ინიციატივის მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით: „იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში“ – აცხადებენ პოლიტსაბჭოში.

ასევე, განმარტავენ, რომ მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი თემები