ქართული მიწა არ იყიდება! – პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე​ გაყიდვას აკანონებს, ხვალ, ორშაბათს 10 დეკემბერს 9:00 საათზე, იუსტიციის სახლის წინ გაიმართება აქცია.

აქციის ორგანიზატორები ინფორმაცია სოციალური ქსელით ავრცელებენ: “​სრულიად საქართველოს საზოგადოებას! ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს, მიღებულ იქნა ქართულ სახელმწიფოზე უპრეცედენტო მასშტაბის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, ძველი (ჯერ კიდევ მოქმედი) კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებში გაუქმებულიყო მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რაც ხელს უხსნის ამ უკანასკნელთ განაახლონ წარმოება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის. დღეის მდგომარეობით შესულია ასეთი 2500 განაცხადი, რომელთა უკან ათასობით ჰექტარი ქართული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა იგულისხმება გაყიდვა-გასხვისების მოლოდინში!საკითხის განსაკუთრებული საჯარო-საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, გამოცხადების მომენტიდან შედის კანონიერ ძალაში და ფაქტობრივად ორშაბათიდან, ანუ 10 დეკემბრის დილის 10 საათიდან შეუქცევადად განახლდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უცხოელთათვის, ხოლო პროცესის შეჩერების პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ვერ ავლენს ხელისუფლება, რჩება ერთადერთი ლეგიტიმური გზა და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან – საჯარო რეესტრში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კონსტიტუციური და კანონით გამყარებული გაფიცვის უფლება( საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლი და საქართველოს ორგანული კანონის “შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლი), რისი გამოყენების შემთხვევაშიც ვადით 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე, მიღწეულ იქნება უმთავრესი ლეგიტიმური მიზანი და უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გასხვისდება! ხელისუფლების მხრიდან საჯარო რეესტრის მოხელეებზე ზემოქმედების ნებისმიერი გამოვლინების თავიდან აცილებისა და მათი დაცვის მიზნით, ქართულ საზოგადოებას( პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რიგით მოქალაქეებს) მოგიწოდებთ სრული კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ საგაფიცვო კომიტეტის ჩამოყალიბებისა და 7 დღის ვადით მისი შენარჩუნების მიზნით! ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე”.

აქციას ორგანიზატორები: დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი), ზვიად ტომარაძე (ერი და სახელმწიფო), სოსო მანჯავიძე (პოლიტიკოსი), გურამ ქართველიშვილი (ისტორიკოსი), გოჩა თევდორაძე (“პატრიოტთა ალიანსი”), ლევან ჩაჩუა (“ქართული იდეა”), რამაზ გაგნიძე (“ქართული მისია”), კონსტანტინე მორგოშია (“ქართული მარში”), ბესო შარაშენიძე (“ქართული აზრი”), ბესო დანელია (დემოკრატიული მოძრაობა), კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო), გურამ ფალავანდიშვილი (ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება), ზურაბ მახარაძე (ბლოგერი), დავით წერეთელი (ლისის ტბა), დავით ჟღენტი (ჟურნალისტი), დავით ბიძინაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი).

მსგავსი თემები