ქართველი სპორტსმენები ანტალიაში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, რის გამო საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ისინი ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ადგილობრივმა პოლიციამ ფეხბურთელები, გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავა.

როგორც თურქული მედია იუწყება, ეჭვმიტანილები პოლიციამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერების საფუძველზე მას შემდეგ დაადგინა, რაც დღის ბოლოს, სავაჭრო ცენტრში ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 9 ერთეული ნივთი მოპარული იყო. 

თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა და საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ მოუწოდა, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ზომები მიიღოს. 

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე,“ – ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები