ქართველი ემიგრანტი ემზარ კვიციანს: რატომ დაგვცინით, ბატონო, ემიგრანტებს?

„ბოლო დროს, საქართველოში, ძალიან მოდური გავხდით ემიგრანტები. ყველა კონტექსტში მოსაშველიებელი და საინტერესო. ვიღაც ამისთვის იყენებს ჩვენს სახელს და ვიღაც იმისთვის, რომ სახლის გზა აბნეულებს ახლა თავგზაც აგვიბნიოს და ერთ-ორს გამოსდის კიდეც”, – ამ სიტყვებით საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დიანა ჭანკოტაძე, სოციალურ ქსელში, ემზარ კვიციანის ბოლოდროინდელ წამოწყებას ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, უამრავი ქართველი ქალი დაბერდა ნაადრევად შვილების მონატრებასა და დღე და ღამ ტირილში, ნერვიულობენ, თუმცა, ახლობლებს ვერ უმხელენ, რომ უმათოდ კვდებიან:

„გუშინ, ერთი ხაშურელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა ემიგრაციაში. გული გაუჩერდაო… ორი პატარა შვილი დატოვა ისე, რომ ვერც კი გამოეთხოვა ბოლო წუთებში. მე არ ვიცნობდი, მაგრამ წარმოვიდგინე, რა არის ეს…

გუშინ ერთმა ქალბატონმა იტალიიდან შუაღამისას მომწერა, ვგიჟდები, კედლებს ველაპარაკები, შვილები მენატრება და თუ შეიძლება, ვილაპარაკოთო. სადღაც ჩემი სტატია წაუკითხავს და უნდოდა დარდის გაზიარება.

თბილისიდანაც დამიმეგობრდა ასაკოვანი ქალბატონი, ჩემი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი წავიდა საფრანგეთში, ვერ ვუძლებ მათ მონატრებას, წლებია ვერ ვნახულობ, ვერც ვუმხელ, რომ არ ინერვიულონ და მათ გარეშე თანდათან ვკვდებიო.

წარმოიდგინეთ, რამდენი ქალი წავიდა იძულებით ემიგრაციაში. ვინმეს ნეტავ, დაუთვლია? მათ დატოვეს ყველაზე ძვირფასი, სამშობლო კი არა, არამედ შვილები!

რამდენი ქართველი ქალი დაბერდა ასაკზე ადრე, დღე და ღამ ტირილში! რამდენმა ქალმა იგრძნო ტკივილი, რომელსაც სახელიც არ გააჩნია!

ამ ქალებს არა საკუთარი სურვილით, არამედ გამოუვალი მდგომარეობით და შვილების გამოკვების მიზეზით დაერქვათ ემიგრანტები.

სულელი თუ წავა თბილი სახლიდან და სულელი თუ მოხსნის პირს გემრიელ კერძს, საკუთარ კერაზე მომზადებულს, გვასულელებენ!

ვისაც იგივე არ გაუვლია, ვერც გაიგებს. სამაგიეროდ, თავს უფლებას მისცემს, გააკრიტიკოს.

მე არ გამივლია ემიგრანტობის ამგვარი გზა, მაგრამ ვგრძნობ და მტკივა, რადგანაც არაერთი ასეთი ქალია ჩემს გარშემო, ბევრი მათგანი, – საკუთარი ნათესაობიდან. 

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მოდური გავხდით ემიგრანტები. ყველა კონტექსტში მოსაშველიებელი და საინტერესო. ვიღაც ამისთვის იყენებს ჩვენს სახელს და ვიღაც იმისთვის, რომ სახლის გზა აბნეულებს, ახლა თავგზაც აგვიბნიოს და ერთ-ორს გამოსდის კიდეც.

ბოლო კვირაა, ბატონი კვიციანის წამოწყებამ გამიტაცა და ბოლოჯერ მინდა ამ საკითხზე აზრის გამოთქმა. მისი ცენტრი ჯერ ხუმრობა მეგონა, შემდეგ უბრალოდ, სახალისო ამბავი და თურმე “ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკომონიკური ცენტრიც” ამასობაში, ოფიციალურად გაიხსნა და ანგარიშის ნომერიც ძალაშია.

მერწმუნეთ, საერთოდ არ გვაღელვებს დემოგრაფიის საკითხი ემიგრანტებს, უკვე ისე გავმრავლდით და მოვმრავლდით უცხო ქვეყნებში ქართველები, რომ ჩემი ქალაქის ცენტრში გასულს, ხანდახან თავი საქართველოში მგონია”, – წერს დიანა ჭანკოტაძე.

ქართველი ემიგრანტის აზრით, დემოგრაფიული საკითხის მოგვარებაზე მეტად , დღესდღეობით, საქართველოს დასაქმების პრობლემა აწუხებს და სჯობს, დასაქმების ცენტრის გახსნაზე იზრუნონ, რათა შვილებს დედები მანამ დაუბრუნდნენ, ვიდრე ემიგრაციაში გული გაუჩერდებათ.  

“მეორეს მხრივ, თქვენი ცენტრი ხომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას ასწავლის ადამიანებს, მაგას არ ჯობდა, დასაქმების ცენტრი გაგეხსნათ? შრომა შეაყვარეთ ხალხს და არა სხვის ჯიბეში ხელის ფათური!

მთავარი კითხვა, რატომ დაგვცინით ბატონო, ემიგრანტებს? არ გეკადრებათ არც თქვენ და მითუმეტეს, ჩვენ, – ჩვენ უკვე დემოგრაფიულ საკითხ-მოგვარებულებს, ორი, სამი და თქვენ წარმოიდგინეთ, ოთხი საოცარი ქართველი შვილით, სამშობლოში დაბრუნება უფრო გვჭირდება და იქნებ ამგვარ ცენტრზე გეფიქრათ?

ნამდვილად გადმოვრიცხავდით ვისაც რა შეგვიძლია იმ თანხებს აქედან, იმისთვის, რომ პატარა შვილებს დედები, ემიგრაციაში გულის გაჩერებამდე, შინ დაბრუნებოდათ”, – წერს დიანა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში.


მსგავსი თემები