“ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?” – პატრიარქი არჩევნებზე

„ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს. მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“ – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქი ოპოზიციური პარტიების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომეოიც არჩევნებზე ხმების მოპარვას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა: „აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერის. ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია… ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულს და სიკეთეს, რომელსაც გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეს და ესრედ აღასრულეთ სჯული ქრისტესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, ისევ სიყვარული, ისევ სიმშვიდე უნდა სუფევდეს ერში”,- განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორე ფიქრობს, რომ მოსახლეობა პრეზიდენტის ინაუგურაციას ღირსეულად შეხვდება. „მომავალ კვირას არის ინაუგურაცია.ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად”,- განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსნებთ, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.

მსგავსი თემები