“ტურიზმის სექტორში სერიოზული ჩამოშლა გვაქვს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, აქციებია” – მირიან წიკლაური

პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ჩამოშლილია, მიზეზი კი, წიკლაურის განცხადებით, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებია.

დეპუტატის განმარტებით, ანტისაოკუპაციო აქციები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ის აქციები, რომლებიც ტარდება რუსთაველზე, პარლამენტის წინ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ყველაფერი კი, დესტაბილიზაციის განცდის შექმნისკენაა მიმართული, რაც პირდაპირ დაარტყამს ეკონომიკას. უკვე ვნახეთ, რომ ტურიზმის სექტორში სერიოზული ჩამოშლა გვაქვს და დავკარგეთ 2 მილიარდამდე დოლარი. ეს, რა თქმა უნდა, აქციების ბრალიცაა, რადგან არასტაბილურ გარემოში ტურისტი არ ჩამოვა. ეს ყველაფერი კი ეკონომიკის ჩამოშლასა და ბიუჯეტში ფულის შემცირებას გამოიწვევს, რის შემდეგაც, ვეღარ მოხერხდება ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიცაა – საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტისა და განათლების პროგრამები და ა.შ. ამის არ განხორციელება კი, უკმაყოფილების მუხტს გაზრდის, შეიკრება მანკიერი წრე და ამღვრეულ წყალში ვინ დაიჭერს თევზს, საკითხავია”, – განაცხადა წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატის განცხადებით, ფრენების აკრძალვით, თვითონ რუსეთმა იხეირა, ვინაიდან ის ფული, რომელიც ტურისტებს უნდა დაეხარჯათ საქართველოში, რუსეთის კურორტებში დაიხარჯება.

“როდესაც ქვეყანა ვეღარ შეინახავს ჯარს, პოლიციას, სწორედ ასეთი დასუსტებული ქვეყანა განა უფრო მოსარევი არ არის?! რუსეთისთვის ხომ მისწრებაა ეს პირდაპირ, რომ საქართველო დასუსტებული იყოს. ფრენების შეჩერებით თვითონ რუსეთმა მოიგო. ის ფული, რაც რუს ტურისტებს უნდა დაეხარჯათ საქართველოში, დახარჯავენ სოჭში, ნოვოროსისკში, ანუ თვითონ შიგნით დაიტოვა ეს ფული”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები