ყურსასმენები ეკეთა და სიგნალის ხმა ვერ გაიგო – მოზარდი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, კომაშია

12 წლის მოზარდს, რომელსაც მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგო. 

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო. ბიჭი ქვეითთა ბილიკს მიჰყვებოდა და ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო. თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო.

მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, მას თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები