სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გამოიყვანეს

„ამ დროისათვის, მამისონის  ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს  დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს“ – აცხადებენ პრემიერ მინისტრის აპარატში.

რაც შეეხება რაჭაში მომხდარ სტიქიას, ამ ეტაპისთვის არსებული სურათი შემდეგია: დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე  – რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და  შიდა სასოფლო გზები.

„სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა. ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის  დაზიანების შედეგად  წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება. არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია  სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები.  მიმდინარეობს  მოსამზადებელი სამუშაოები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად“ – ვკითხულობთ პრემიერის ადმინისტრაციის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება სამუშაოები რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად.

„სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩართული არიან თბილისის  განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მაშველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან, სოფელ გლოლადან გამოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი სტიქიით დაზარალებულ სოფელში ტურისტულად იმყოფებოდა. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები“  – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.  

მსგავსი თემები