„სპეკულაცია, რომ დღეს საქართველოს სანქცია დაუწესდა არათუ არასწორია, არამედ არის მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობა“ – კახა კუჭავა

„აღმოჩნდა ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით, რომ არათუ რამე არის დამტკიცებული და კანონი მიღებული, ქვეკომიტეტის დონეზე იყო მხოლოდ დაინიცირებული და განხილული ეს საკითხი. დღეს კიდევ გვესმის, რომ სანქციები დაგვიწესდა –  სანქციები არ დაწესებულა“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

„ეტაპობრივად მივყვებით ზუსტად იმას, რასაც ვამბობდით და ვამბობთ კიდეც – დაახლოებით, ნოემბერში, ცოტა ადრე ან ცოტა გვიან, შეიძლება, იანვარ-თებერვალში, გადაიწიოს ამ კანონის საბოლოოდ კენჭისყრამ და დამტკიცებამ, ამიტომ, დრო ძალიან დიდია და სპეკულაცია, რომ დღეს რამე სანქცია დაუწესდა და უკვე გადაწყვეტილება არის მიღებული, არათუ არასწორია, არამედ არის მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობა და სიცრუე. დღეს კიდევ გვესმის, რომ სანქციები დაგვიწესდა –  სანქციები არ დაწესებულა“,- განაცხადა კახა კუჭავამ. 

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ განხილვა კომიტეტის დონეზე შედგა და შემდეგ, კანონპროექტი სენატის კომიტეტმაც უნდა განიხილოს, მათ შორის, უნდა მოხდეს შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, რის შემდეგაც, კენჭისყრა პლენარულ სესიაზე გაიმართება. მისივე თქმით, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ეს განხილვა იყო ქვეკომიტეტის დონეზე,  გუშინ იყო კომიტეტის დონეზე. აუცილებელია, ასევე, სენატის კომიტეტმაც განიხილოს. მათ შორის, უნდა მოხდეს აუცილებლად შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე მოხდება ამის არა მხოლოდ წარდგენა, არამედ კენჭისყრა, რასაც კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.  ფაქტი, რომ ასეთი ჩანაწერის გაჩენა სურს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც თავიანთი ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, რომ ასე მოხდეს, არის საზიანო ქვეყნისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​

მსგავსი თემები