სოფელ ხაიშთან ხანძრის სამი კერა ლოკალიზებულია

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან,  მოხერხდა 3-ის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა. 

მთელი ღამის განმავლობაში ტყეში  ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება. დილიდან, გათენებისთანავე, მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული. 

მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან.  სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. 

მსგავსი თემები