“სიტროენ ჯორჯია” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლიანობის დადგენაში დახმარებას სთხოვს

კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე, ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კომპანიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და 8 თვის განმავლობაში გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე საუბრობს. 

როგორც გიორგი შარაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” ხელოვნურად გაკოტრების პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო და სწორედ იმ პერიოდიდან მიმდინარეობს სასამართლო დავა კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორი, კონკრეტულ ტენდერზე.  

გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ კომპანია ამ დავას ვერ მოიგებდა.    

“აქ არის დიდი კორუფციული სქემა, ამის უკან დგანან, როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი მაღალჩინოსნები, რომლებსაც არ უნდათ ამ კორუფციული სქემის დანგრევა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ დავზარალდეთ. ფაქტობრივად ეს მოახერხეს კიდეც. უკვე 8 თვეა, კომპანია სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება და დროს ფუჭად კარგავს. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, აქვს სახელფასო და ბანკის მიმართ ვალდებულებები.  შედეგად მოახერხეს ის, რომ კომპანია გააკოტრეს. ამაში დღეს უკვე სასამართლო და მოსამართლე თამარ მეშველიანი ეხმარებათ”, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე.

​მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის, ვინც “სიტროენ ჯორჯიას” გაკოტრებით არის დაინტერესებული იგი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურს, მოსამართლე თამარ მიშველიანსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძეს ასახელებს. ამ უკანასკნელს იმ აუდიოჩანაწერის გაქრობაში ადანაშაულებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიას შორის დავის არსებობას ასახავდა.

გიორგი შარაძის თქმით, ეს ის გვარებია, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტული ფაქტები აქვთ. სამართლიანობის დადგენაში დახმარებისთვის მათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს მიმართეს და იმედოვნებენ, რომ კომპანიის წინააღმდეგ პროცედურული დარღვევებით მიმდინარე სასამართლო პროცესი სათანადოდ შეფასდება.  

“დღეს, სასამართლოებში გაჭიანურებული პროცესები იგივეა, რაც მართლმსაჯულებაზე უარის თქმა. შპს “სიტროენ ჯორჯია” უკვე 8 თვეა, უშედეგოდ ელოდება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წარმოებულ დავაზე”, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ შპს “სიტროენ ჯორჯიამ”, ავტომობილების შეძენის სახელმწიფო ტენდერებში სატენდერო პირობების კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების სასარგებლოდ მიღებულ ადმინისტრაციული აქტების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 2017 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. 14 დღის ნაცვლად, სასამართლომ 1,5 წლის შემდეგ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ “სიტროენ ჯორჯიას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ არის მზად სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ამის გამო, კომპანიას გასაჩივრების და საქმის კანონიერ ვადებში განხილვის უფლება ეზღუდება.


 

მსგავსი თემები