“საშუალება რომ მოგცეთ ჯვარს გვაცვამდით თითოეულ ჩვენგანს” – გოგიჩაიშვილი მიქაუტაძეს

“საშუალება რომ მოგცეთ, ჯვარს გვაცვამდით თითოეულ ჩვენგანს”, – ამ სიტყვებით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძე 2006 წლიდან 2010-წლამდე საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა, რომელიც მისი თქმით, პირდაპირ იყო ადამიანების გაუბედურების კონვეირი, ყველაზე ბინძური უწყება, სადაც იყო ქონების წართმევა, დაშანტაჟება, თვალთვალი, ადამიანების გაუბედურება.

“ბოდიში უნდა მოიხადოთ, როდესაც იყავით ადეიშვილის ვერტიკალში, რადგან ასეთი ბინძური უწყება, როგორიც იყო საქართველოს პროკურატურა, არ არსებობდა. ახლა ზიხართ ასეთი გაყინული სახით, ვითომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს, არადა დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მოგცეთ ჯვარს გვაცვამდით თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ამის საშუალება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. იმ პროკურატურაში რომ მუშაობდით, არ გრცხვენიათ? მერე იყავით ჩვეულებრივი შემსრულებელი, ზონდერ მოსამართლე იყავით, არ გეწყინოთ, მაგრამ მართლა ასე იყო ეს ამბავი, რადგან ყველაფერზე რასაც გეტყოდნენ გააკეთებდით. გითხრეს – ადამიანები დააჯარიმეთ ძალიან ბევრი თანხითო და დააჯარიმეთ.

ვატო შაქარიშვილი 19-20 წლის ბიჭი იყო, ვითომ შევარდნას აპირებდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელი ყარამან ყანთელი ეს არის, რომ იმგვარად აეწიოკებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ თქვენ ამ ფაქტმა ისე აღგაშფოთათ, არც გამოგიკვლევიათ, დარწმუნებული ვარ, ისე გაუშვით ორთვიანზე. დაჩი ცაგურია, ხერხემალში გადამტვრეული ადამიანი მოგიყვანეს, დასისხლიანებული და იქით დაადანაშაულეთ, რომ ორი პოლიციელი, რომელიც მოყვა, უზარმაზარი აღნაგობის ადამიანები, თურმე ე.ი. გამოაცალეს ამ წელში გადამტვრეულ კაცს ეს ხალხი, რომ არ ამოეხადა ცემით სული და თქვენ ამ გადაწყვეტილებებს იღებდით. ახლა ზიხართ და აქ გიცავენ. რატომ. თქვენ კი არ უნდა გიცავდნენ ეს ადამიანები, უბრალოდ, აქამდე რომ მოგიყვანეს, აქ რომ ზიხართ, ამის უფლებას არ უნდა გაძლევდნენ. რამდენიმე დღის წინ რომ იყო და ძალიან ჭკვიანი სახით საუბრობდა ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე, რომ ჩვენ მაღალი საჯარო ინტერესის გამო სიუხვე გამოვიჩინეთ, ყველა ადამიანი იყო დასაჭერიო. თქვენზეც ისაუბრა, მოსამართლეც დასაჭერი იყოო, ნუ დეპუტატებზე, პროკურორებზე აღარ იყო საუბარი. აი, ეს არის. გარიგების გამო ზიხართ აქ, ანუ პატივს კი არ გცემენ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც ყოფილი შემსრულებელი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი მიქაუტაძემ კი უპასუხა: “ყველა განვლილ დღეზე ჩემს კარიერაში პასუხისმგებელი ვარ, პირნათელი ვარ ჩემი სამსახურის წინაშე, რომელიც შესრულებული მაქვს. არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, მსგავსი ტონით გიპასუხოთ”.

მსგავსი თემები